ჰაიდეგერი, მარტინ (* 26 სექტემბერი, 1889, მესკირხი, ბადენი ― † 26 მაისი, 1976, იქვე), გერმანელი ფილოსოფოსი, XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა იეზუიტების სკოლაში, შემდეგ ჰ. რიკერტთან ფრაიბურგის უნივერსიტეტში (ბრაისგაუ). 1916 იყო ე. ჰუსერლის ასისტენტი, პროფესორი მარბურგის (1922-1928), ფრაიბურგის (1928-1945) უნივერსიტეტებში. 1933-1934 ფრაიბურგის უნივერსიტეტის რექტორი. 1945 ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა სოფელ ტოდტნაუბერგში. ჰაიდეგერის მოძღვრების ამოსავალია ს. კიერკეგორის ეგზიტენციალური განცდები და ფ. ნიცშეს ირაციონალიზმი, ხოლო მეთოდი - ე. ჰუსერლის ფენომენოლოგია და ვ. დილთაის ჰერმენევტიკა, საკუთარი ფილოსოფიის სახელმძღვანელო აზრთან მისვლას კი იგი ფ. ბრენტანოს უმადლის.
ადმიანის არსებობაა ეგზისტენცია - ყოფიერებასთან ღია, დაუფარავი, ამავე დროს დაფარული მიმართება. ეგზისტენციალები მიუთითებენ ადამიანის არსებობის არანამდვილობასა (გაუცხოება, გადასროლილობა, Man და სხვ.) და ნამდვილობაზე (სინდისის ხმა, გადაწყვეტილობა, არჩევა და სხვ.). ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმის დროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას. Man დაიძლევა მაშინ, როცა ინდივიდი გააცნობიერებს თავისი ყოფის სასრულობის განსაზღვრულობას; ნამდვილი პიროვნების ამოცანაა "ჩახედოს თავის გარდაუვალ ხვედრს თვალებში" და გახდეს "თავისი სიკვდილის გმირი", რადგან ადამიანის ყოფა "ნაპერწკალია წყვდიადში", არარასთან დგომაა, ამიტომ პიროვნებამ საკუთარი გადაწყვეტით, თავისუფლებით უნდა განახორციელოს თავისი ერთჯერადი ცხოვრების აზრი.
ჰაიდეგერის ადრინდელი თვალსაზრისი ეგზისტენციალურ ანთროპოლოგიად შეიძლება მივიჩნიოთ. მეორე პერიოდში კი იგი ყურადღებას ამახვილებს ყოფიერების იდუმალებაზე, ეგზისტენციის ყოფიერებით განსაზღვრულობაზე, ენაზე, როგორც "ყოფიერების სახლზე", ყოფიერების ჭეშმარიტებაზე, ამასთან, მისთვის მთავარია არა "შემობრუნება", ცალკეული პერიოდი, არამედ გზის ერთიანობა, გზაზე სვლა. ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა, რისთვისაც აუცილებელია დასავლეთის რაციონალური და აღმოსავლეთის არაცნობითი აზროვნების შეხვედრა. ევროპა ყოფიერების გახსენებით უნდა მივიდეს აღმოსავლეთთან. ბოლო პერიოდში ჰაიდეგერთან აღნიშნავენ რელიგიურ ტენდენციებს, მის მოძღვრებას სეკულარიზებულ თეოლოგიად მიიჩნევენ.
ჰაიდეგერის ფილოსოფია უჩვეულო ტერმინოლოგიის გამო დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხშირად თვით ეგზისტენციალისტებიც ვერ უგებენ ერთმანეთს (მაგ., ჰაიდეგერი და ჟ.პ. სარტრი).
ჰაიდეგერის მოძღვრება ხასიათდება ანტისციენტიზმით, ირაციონალიზმით, სუბიექტივიზმით, ლოგიკურის მიმართ ემოციურის პრიმატით.
გერმანელები | მეცნიერება | ფილოსოფოსები | ფორმალური მეცნიერებები | დაბადებული 1889 გარდაცვლილი 1976
مارتن هايدغر | Мартин Хайдегер | মার্টিন হাইডেগার | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | מרטין היידגר | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | マルティン・ハイデッガー | Martinus Heidegger | Martinas Haidegeris | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Хайдеггер, Мартин | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Martin Heidegger | Гайдеґґер Мартін | 马丁·海德格尔
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"ჰაიდეგერი, მარტინ".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world